» » ზიულე სულმოუთმენლად ელის ამსტერდამში ვიზიტს

ზიულე სულმოუთმენლად ელის ამსტერდამში ვიზიტს

11-12-2018, 12:58 -ss- სიახლეები 0

ზიულე სულმოუთმენლად ელის ამსტერდამში ვიზიტს
სიმაღლე - 195 სმ, წონა -95 კგ, უზარმაზარი მხრები... ერთი შეხედვითაც კი ნიკლას ზიულე, პატივისცემას იმსახურებს ყველა იმ ფორვარდის თვალში, ვინც მთელი ევროპის მასშტაბით ასპარეზობს. პირველი კონტაქტის შემდეგ კი მოწინააღმდეგე, ხსენებულ გიგანტთან მიახლოების ყველანაირ სურვილს კარგავს. 23 წლის ასაკში ნიკლას ზიულემ "ბაიერნის" რიგებში თავისი გამორჩეული ადგილი დაიკავა. საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად მან უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერნის" წარმატებული ასპარეზობა უზრუნველჰყო. გერმანიის "რეკორდმაისტერმა" გამართულ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.

ზიულეს აზრით, ამსტერდამის "აიაქსთან" მოახლოებულ დაპირისპირებაში, სწორედ დაცვაში კარგი თამაში უნდა გახდეს წარმატებული გამოსვლის გასაღები. სასწორზე კი E ჯგუფის პირველი ადგილი დევს. "ჩვენი სურვილია პირველი ადგილი დავისაკუთროთ. კარგია, რომ პლეი-ოფში თამაში უკვე გავინაღდეთ, ეს ჩვენი პროგრამა მინიმუმი იყო. მთავარი მიზანი კი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა."-აცხადებს "ბავარიელთა" უკანახაზელი.


განსხვავებული თამაშის ჩვენება


"რამდენიმე ხნის წინ, ეროვნული ნაკრების რიგებში ვსტუმრობდი ამსტერდამს. იქ ძალიან ლამაზი სტადიონია. "აიაქსი" -ძლიერი მოწინააღმდეგეა. "ალიანც არენაზე" მათ უკვე დაგვანახეს თავიანთი ძალა. შემადგენლობაში მრავალი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ. გვსურს, სრულიად განსხვავებული თამაში ვაჩვენოთ, ვიდრე ეს პირველ დაპირისპირებაში იყო."

ზიულე დარწმუნებულია, რომ "ბაიერნი" ამას შეძლებს. ოპტიმისტური განწყობის ერთ-ერთი მიზეზი კი სათამაშო სქემაში განხორციელებული ცვლილებებია, რაც თავის მხრივ ორი საყრდენით თამაშს ითვალისწინებს. "ჩვენ ვთამაშობდით ისე, როგორც ამას ჩვენგან ელოდნენ. იო (კიმიხი) და ლეონი (გორეცკა) არიან ფეხბურთელები, რომლებიც დამაჯერებლად, საკუთარ ძალებში დარწმუნებულები მოქმედებენ ბურთთან ერთად. ისინი ძალიან ბევრს მოძრაობენ, სწორედ ამიტომ მათ უკან თამაში კომფორტულია."-შეაქო საკუთარი თანაგუნდელები ნიკლას ზულემ


"წელიწადის საყვარელი დრო"


ხსენებული კომპაქტური კონსტრუქცია, "ბავარიელებს" არა მხოლოდ სამი ქულის აღებაში და პირველი ადგილის დასაკუთრებაში უნდა დაეხმაროს, არამედ 2018 წლის ბოლომდე დარჩენილი თამაშებისთვისაც, მეტი თავდაჯერებულობა შემატოს. ზიულე ზამთრის შესვენაბას სულმოუთმენლად ელის. "ჩემთვის ეს წელიწადის ყველაზე საყვარელი დროა. საფეხბურთო სეზონის მიმდინარეობისას არ გაქვს შესაძლებლობა, ოჯახთან ერთად ამდენი დრო გაატარო. სწორედ ამიტომ, შობის დღესასწაული - ბრწყინვალეა."

წელიწადნახევრის წინ ზიულე, რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორის რანგში, საკუთარ ოჯახს დაშორდა და ბინა ბავარიაში დაიდო. იგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. "ვფიქრობ, რომ როგორც ფეხბურთელმა, ისე ადამიანმა განვითარებისთვის სწორი ნაბიჯი გადავდგი. ძალიან გამიმართლა, როცა მომეცა შესაძლებლობა აღმოვჩენილიყავი დიდებული ფეხბურთელების გვერდიგვერდ და დიდ მატჩებში შემი შესაძლებლობები მეჩვენებინა."-იხსენებს ნიკლას ზიულე მადრიდის "რეალთან" გამართულ ნახევარფინალურ ორთაბრძოლას, სადაც მისი ვიზავი "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელი - კრიშტიანუ რონალდუ გახლდათ.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..