» » კომენტარები : "ლივერპული" - "ბაიერნი"

კომენტარები : "ლივერპული" - "ბაიერნი"

17-12-2018, 22:04
0133
როგორც მოგეხსენებათ, დღეს თბილისის დროით 15:00 საათზე, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩების კენჭისყრა გაიმართა. მიუნხენის "ბაიერნი" ინგლისურ საფეხბურთო გრანდს "ლივერპულს" დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ, კენჭისყრის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.



ჰასან სალიჰამიჯიჩი - "დღესდღეობით ეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ისინი ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. ლივერპულის ფეხბურთელები ფიზიკური თვალსაზრისით ძალიან ძლიერად გამოიყურებიან და მუდამ მაქსიმუს დებენ. იმისათვის, რომ შემდგომ ეტაპზე გასვლა შევძლოთ, ორი კარგი დღე დაგვჭირდება. მათ ბრწყინვალედ დაკომპლექტებული შემადგენლობა ჰყავთ. მოქმედი ფეხბურთელის რანგში არასდროს მითამაშია ამ გუნდის წინააღმდეგ. აღნიშნულ ორთაბრძოლას სულმოუთმენლად დაველოდებით.”

ანდრეას იუნგი: "ლივერპული"-ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქეა მათ შორის ვინც კი შეიძლებოდა, რომ შეგვხვედროდა. ჩვენ კარგად მოვემზადებით, არაფრის არ გვეშინია. სტუმრად ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის. სამწუხაროდ ლივერპულის სტადიონი არც თუ ისე დიდია, ამიტომ ჩვენი გულშემატკივრებისთვის ბილეთები შეზღუდული რაოდენობით იქნება. თითოეულ მოწინააღმდეგეს დიდი პატივისცემით ვუყურებთ, მათ შორის "ლივერპულსაც". ჩვენ ორი სუპერ შეხვედრა გველის.

ნიკო კოვაჩი -"ეს ბრწყინვალე მატჩები იქნება, რომელთაც სულმოუთმენლად ველით. "ლივერპული" ყველაზე რთული მეტოქეა მათ შორის, ვინც კი შეიძლებოდა, რომ შეგვხვედროდა. გასულ წელს მათ ფინალში იასპარეზეს, ახლა კი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ მიუნხენის "ბაიერნი" ვართ! დარწმუნებული ვარ, თავად ლივერპულშიც კარგად აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ საპასუხო შეხვედრა მიუნხენშია. შანსები 50/50 ზეა. ვნახოთ როგორ დასრულდება ყველაფერი. მწამს, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევძლებთ.

მანუელ ნოიერი -"ლივერპული" შესანიშნავ სეზონს ატარებს, გასულ წელს მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზეს. დარწმუნებული ვარ, ჩატარებული კენჭისყრით ბედნიერები ვერ იქნებიან. ამ გუნდს შეუძლია ძალიან სწრაფი თამაში კონტრშეტევებზე და ბევრი გოლის გატანა, მაგრამ ჩვენც არანკლებ კარგი შეტევა გვაქვს. ეს ორი ბრწყინვალე მატჩი იქნება.

არიენ რობენი -"ეს შესანიშნავი შეხვედრები იქნება. "ლივერპული" ბრწყინვალე გუნდია, რომელმაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. მათ შემადგენლობაში უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ირიცხებიან, რომლებიც გამოირჩევიან სისწრაფით და კრეატიულობით. ამასთან, ისინი მოქმედებენ როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. შექმნილი ატმოსფერო წარმოუდგენელი იქნება. კენჭისყრა უბრალოდ ბრწყინვალე იყო. თითოეული ფეხბურთელისათვის, ასეთი დონის მატჩში მონაწილეობის მიღება, ნამდვილი ოცნებაა.

დავიდ ალაბა : -"ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს მარტივი წილისყრა არ ყოფილა. "ლივერპული" ძალიან, ძალიან კარგი გუნდია, რომელთაც შემადგენლობაში უმაღლესი კლასის შემსრულებლები ჰყავთ. გასულ წელს მათ ფინალში იასპარეზეს, ახლა კი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. ამ ორთაბრძოლებს მოუთმენლად ველით. ამ დრომდე, "ენფილდზე" არასდროს არ მითამაშია. სწორედ ამიტომ ამ შეხვედრას განსაკუთრებით ველი.

ნიკლას ზიულე : დიდებული გუნდი, დიდებული ფეხბურთელები, დიდებული სტადიონი... ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ორთაბრძოლას მოუთმენლად ველით. პირველ თამაშში კარგი რეზულტატის მოპოვება გვმართებს. ჩვენ იდეალური დღე დაგვჭირდება. დარწმუნებული ვარ შემდეგ ეტაპზე გასვლას შევძლებთ. ველი რობერტო ფირმინოსთან შეხვედრას. მის წინააღმდეგ თამაში შესანიშნავი იქნება.

სერჟ გნაბრი -"დიდი მოლოდინი მაქვს ამ მატჩთან დაკავშირებით. გასულ წელს, როდესაც "ჰოფენჰაიმის" შემადგენლობაში ვასპარეზობდი, ლივერპულის წინააღმდეგ ვითამაშე. იქ ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევდა. მაშინ კარგ შედეგს ვერ მივაღწიეთ, იმედს ვიტოვებ ამჯერად ყველაფერი უკეთ წარიმართება. თამაში რთული იქნება. "ლივერპული"- ძალიან კარგი გუნდია."
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..