» » ინტერვიუ იოზუა კიმიხთან

ინტერვიუ იოზუა კიმიხთან

2-02-2019, 14:02 -ss- ინტერვიუ 0 31

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" განაპირა მცველი იოზუა კიმიხი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. წარმოგიდგენთ ინტერვიუს, რომელსაც "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.


იოზუა, გუნდმა ახალი წელი ორი გამარჯვებით დაიწყო, როგორ შეაფასებდი მეორე წრის სტარტს?

ნორმალური დასაწყისია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც ეს წარმოგვედგინა. "ჰოფენჰაიმთან" გამართულ შეხვედრაში შესანიშნავი პირველი ტაიმი გვქონდა. მეორე ნახევარში შეხვედრა უფრო გახსნილი გახდა. რამდენიმე ეპიზოდში გაგვიმართლა. "შტუტგარტთან" ორთაბრძოლაში კი პირიქით, ცუდი პირველი ტაიმი გვქონდა, თუმცა მეორე ნახევარი უკეთესი იყო. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ საჭირო შედეგებს მივაღწიეთ, მაგრამ თამაშით ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა.

როგორ შეიძლება აჩვენო კარგი თამაში სრული 90 წუთის განმავლობაში?

სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა. კარგი მონაკვეთები გვაქვს, მნიშვნელოვანია ამ დროს დისციპლინირებულად ვიასპარეზოთ.

"შტუტგარტთან" მატჩში შენ ორი შედეგიანი გადაცემა გაიფორმე და მოცემულ მომენტში ბუნდესლიგის საუკეთესო ასისტთა ჩამონათვალში შედიხარ. საგოლე გადაცემითაც ისეთივე ბედნიერი ხარ, როგორც გატანილი გოლების შემთხვევაში?

რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც შედეგიან გადაცემას ვაკეთებ ან გოლს ვიტან. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამით გუნდს ვეხმარები. თუმცა ბედნიერებას განვიცდი იმ შემთხვევაშიც თუ საგოლე ეპიზოდში არ ვმონაწილეობ. ჩემი ნომერ პირველი მიზანი ეს დაცვაა. ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ რაც შეიძლება ცოტა გოლი მივიღოთ ან საერთოდ ავიცილოთ ისინი თავიდან. ამ კუთხით ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

რატომ ვერ ახერხებთ ხანდახან დაცვაში 100 პროცენტით კარგი თამაშის ჩვენებას?

მოცემულ მომენტში ჩვენ არ შეგვიძლია სრული 90 წუთის განმავლობაში დომინირება. პრობლემა მხოლოდ დაცვაში ან ნახევარდაცვაში არ არის. ხაზებმა ერთმანეთთან ჰარმონიულად უნდა იმოქმედონ. სწორედ ამაზე გვმართბს მუშაობა.

ახალი წლის პირველი "ინგლისური კვირა". მომავალი რვა დღის განმავლობაში თქვენ უნდა იასპარეზოთ "ბაიერის", ბერლინის "ჰერტას" და "შალკეს" წინააღმდეგ. მოხარული ხარ იმით, რომ ბოლოს და ბოლოს ცხელი ფაზა იწყება, თუ ისურვებდი, რომ მარაგში კიდევ რამდენიმე სავარჯიშო კვირა ყოფილიყო?

ჩვენ საკმარისი დრო გვქონდა და ვფიქრობ, რომ კარგადაც მოვემზადეთ. ჩვენთვის ფეხბურთელებისთვის "ინგლისურ კვირაზე" უკეთესი არაფერია. ამ დროს ვარჯიში ცოტაა და თამაში ბევრი.

შესაძლოა მწვრთნელმა როტაციას მიმართოს და შენ ნახევარდაცვაში გიხილოთ. სერჟ გნაბრისა და ლეონ გორეცკასგან განსხვავებით შენ ერთ პოზიციაზე არ ხარ მიმაგრებული. რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი უნივერსალურობა ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის?

როდესაც "ბავარიის" ფეხბურთელი ხარ, უნდა შეგეძლოს რამდენიმე პოზიციაზე ასპარეზობა. მიუნხენში 18-20 წლის ასაკში არავინ გეტყვის, რომ მაგალითად შენ მხოლოდ ფლანგზე უნდა ითამაშო. რამდენიმე პოზიციაზე თამაში შემიძლია და ამის დამსახურებით მოვხვდი გუნდში. შემიძლია ცენტრალური მცველის, განაპირა მცველის ან სულაც ცენტრალური ნახევარმცველის ამპლუის მორგება. ამის გათვალისწინებით, მთავარ მწვრთნელს ექნება შესაძლებლობა, რამდენიმე ვარიანტი განიხილოს. ეს მეც ძალიან მეხმარება, თუმცა პერსპექტივაში შენ ერთი მთავარი პოზიცია უნდა აირჩიო.

იღებ სიამოვნებას როდესაც სხვადასხვა პოზიციაზე ერთგვრ წვრთნას გადიხარ?

დიახ განსაკუთრებით ახლა, როდესაც შემიძლია ვითამაშო როგორც საყრდენ ისე განაპირა ზონაში. ეს ორი კარდინალურად განსხვავებული პოზიციაა. ეს კარგია ჩემი განვითარებისთვის, შემიძლია სხვა კუთხით შევხედო თამაშს. ამ პროცესში ბევრ რამეს ვსწავლობ. მარჯვენა მცველს სულ სხვა მახასიათებლები მოეთხოვება, განსხვავებით საყრდენისგან. მთლიანობაში ეს მეხმარება ვიყო შემდგარი ფეხბურთელი.

მაგალითისთვის შეგიძლია რამდენიმე ასპექტი გამოყო?

ორივე პოზიციაზე ბევრი სირბილია საჭირო, მაგრამ მარჯვენა მცველი ახორციელებს უფრო მეტ დატვირთვებს, აჩქარებებს განსხვავებით საყრდენისგან, რომლის მიზანია პოზიციის დაკავება და კონკრეტულ ზონაში გადაადგილება. მარჯვნივ შენ შეზღუდული ხარ გვერდითი ხაზით, ცენტრში კი შეგიძლია მიიღო გადაცემა ნებისმიერი მხრიდან და თავადაც გაგზავნო შეუზღუდავად. ცენტრში ყოველთვის გრძნობ რომ თამაშში ხარ ჩართული, ფლანგზე ეს მუდამ ესე არ არის. მარჯვენა მცველის ამპლუაში თამაშის დროს მეტოქის წინააღმდეგ ხშირად ერთი-ერთზე გიწევს ასპარეზობა, ცენტრში კი შენს ირგვლივ ყოველთვის არიან თანაგუნდელები, რომელთაც შეუძლიათ დახმარების გაწევა.

8 თებერვალს შენ 24 წელი შეგისრულდება. რას უსურვებდი საკუთარ თავს მიმდინარე საფეხბურთო სეზონში?

სპორტული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, კვლავ მსურს გერმანიის ჩემპიონობა ვიზეიმო, თუმცა დორტმუნდი მოცემულ მომენტში ფორმაში იმყოფება. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს არ ვუყურებთ, წინ მრავალი რთული დავალება გველის, რომელზეც კონცენტრირება აუცილებელია. სიტუაცია, გასულ წლებთან შედარებით განსხვავებულია, ჩვენ პირველ ადგილზე არ ვიმყოფებით. თითოეულ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მარცხის უფლება არ გაგვაჩნია. გერმანიის თასისათვის ბრძოლას რაც შეეხება გვსურს, რომ "ჰერტას" ბარიერი დავძლიოთ. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე სულმოუთმენლად ველი "ლივერპულთან" პაექრობას. პირველ რიგში საკუთარ თავს ჯანმრთელობას და ბევრ კარგ შეხვედრას ვუსრვებდი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..