» » კომენტარები : "ბაიერნი" 3 - 1 "შალკე"

კომენტარები : "ბაიერნი" 3 - 1 "შალკე"

10-02-2019, 15:31
0120
შაბათს, 9 თებერვალს გერმანიის ჩემპიონატის 21-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში, გელზენკირხენის "შალკე 04"-ს უმასპინძლა და ანგარიშით 3-1 დაამარცხა მეტოქე გუნდი. მოცემულ მომეტში "ბავარია" მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება, სატურნირო ცხრილის ლიდერს, დორტმუნდის "ბორუსიას". წარმოგიდგენთ მატჩის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.


ნიკო კოვაჩი -"ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში ნამდვილად კარგი თამაში ვაჩვენეთ. რაც შეეხება მეორე ნახევარს, რიგ ეპიზოდებში აქაც კარგად გამოვიყურებოდით. ასევე შესამჩნევი იყო, რომ სულ ცოტა ხნის წინ 120 წუთი ვიასპარეზეთ. დღეს ეს შესამჩნევი იყო დორტმუნდის ორთაბრძოლაშიც. როდესაც 75-ე წუთზე შეხვედრა ანგარიშით 3-0 მიგყავს, ასეთი რამ არ უნდა გემართებოდეს. ასე რომ ჩვენ გაფრთხილება მივიღეთ. საბოლოო ჯამში კი დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ."

ლეონ გორეცკა -"თამაშში კარგად შევედით და საწყისი წუთებიდანვე, მეტოქეზე დიდ ზეგავლენას ვახდენდით. შევძელით ის, რომ "შალკეს" მიერ დაშვებული შეცდომები, პირველ ტაიმში გამოვიყენეთ, თუმცა საკუთარ კარებთანაც მრავალი მომენტის შექმნის საშუალება მივეცით მეტოქეს. მთლიანობაში, ჩვენ შეგვიძლია დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვისაუბროთ."

სერჟ გნაბრი -"პირადად ჩემთვის ეს შესანიშნავი კვირა იყო. მთლიანობაში "ბავარიისთვისაც". მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის თასზე ჩვენ შემდგომ ეტაპზე გასვლა შევძელით. დღევანდელ შეხვედრაში კი სამი ქულა მოვიპოვეთ. ეს ყველაფერი თავდაჯერებულობას შეგვმატებს. ვიცოდით დორტმუნდელების შედეგი და კარგად ვაცნობიერებდით იმას, თუ რა იდო სასწორზე. ვეცდებით შემდგომ ტურებშიც, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღოთ და ამგვარად შევძლოთ პირველობის მიღწევა."

დომენიკო ტედესკო ("შალკეს" მთავარი მწვრთნელი)-"დამსახურებული მარცხი ვიწვნიეთ. ვფიქრობ, თავიდანვე ვერ შევძელით თამაშში სწორად შესვლა. ძალზედ პასიურები ვიყავით. შესვენებაზე მოვითათბირეთ, რომ აუცილებელი იყო ტემპის მომატება, თუმცა გოლი მაინც მივიღეთ. სამწუხაროდ ზედმეტად ვფრთხილად ვთამაშობდით. თუ გსურს მიუნხენში ქულას გამოკრა ხელი აუცილებელია არამხოლოდ საკუთარ კარებთან თავის დაცვა, არამედ წინაც ამგვარი განწყობით თამაში. ეს ჩვენ არ გამოგვივიდა."

ბასტიან ოჩიპკა ("შალკეს" ფეხბურთელი) -"ჩვენ თამაშში ვიყავით შესულები და გვქონდა მომენტები, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც შეგვეძლო ანგარიში გაგვეთანაბრებინა. მიუღებელია ის, თუ როგორ გავუშვით გოლები. ძალიან მარტივად იტანდა მეტოქე. ამის ახსნას ვერ ვახერხებ. როდესაც ანგარიში 1-1 იყო, შეგვეძლო მატჩის გარდატეხვა, სწორედ ამ დროს, დაცვაში ფატალური შეცდომები დავუშვით. ამაში მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ."
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..