» » კომენტარები : ლივერპული 0 - 0 ბაიერნი

კომენტარები : ლივერპული 0 - 0 ბაიერნი

20-02-2019, 11:11 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები : ლივერპული 0 - 0 ბაიერნი
სამშაბათს 19 თებერვალს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" საფეხბურთო კლუბ "ლივერპულს" ეწვია. "ენფილდზე" გამართული მატჩი ანგარიშით 0-0 დასრულდა. განმეორებითი ორთაბრძოლა მიუნხენში 13 მარტს არის ჩანიშნული. წარამოგიდგენთ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.


ნიკო კოვაჩი -"ლივერპულთან გასვლითი ორთაბრძოლა ეს ნამდვილად შესანიშნავია. ტაქტიკურად, ფიზიკურად და მენტალური თვალსაზრისით ჩვენ კარგად ვმუშაობდით. ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა. აქ თამაში მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. დღეს თითოეული მოთამაშე ერთმანეთის გვერდში იდგა. კონცენტრირებული მუშაობა ყოველთვის შედეგის მომტანია"

ჰასან სალიჰამიჯიჩი -"კარგი თამაში ჩავატარეთ. ბიჭებმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და მოქმედებდნენ ძალზედ ყურადღებით. შესაძლოა გარკვეულ მონაკვეთებში უფრო მეტი აქტიურობა გვმართებდა, რათა მომენტები შეგვექმნა. აქ სულ მცირე შეცდომებიც კი დასჯადია. დაცვაში გუნდი ცივსისხლიანად მოქმედებდა. განმეორებითი ორთაბრძოლაც საკმაოდ ცხელი იქნება. ჩვენ კმაყოფილები ვართ შედეგით, ეს იყო გუნდური ტოპ-თამაში."

მანუელ ნოიერი -"რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებდით იმ ფაქტს თუ ვის წინაშე გვიწევდა თამაში. "ლივერპულის" შემადგენლობაში თავმოყრილია სწრაფი, შემტევი ფეხბურთელები. ჩვენ ვაჩვენეთ კარგი გუნდური თამაში და განლაგებულები ვიყავით კომპაქტურად. გვსურდა კარგი შედეგისთვის მიგვეღწია. ვწუხვარ, რომ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. გასვლით მატჩში გოლის გატანა ყოველთვის მნიშვნელოვანია, დღეს შეტევაში ძალები დაგვაკლდა, ალბათ იმიტომ რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაცვას ვუთმობდით. საპასუხო მატჩისთვის შექმნილი გარემოება, არც თუ ისე ცუდია. ამ შეხვედრამდე ვინმეს რომ ეთქვა ეს მატჩი ანგარიშით 0-0 დასრულდებაო, ამას კარგ ფაქტად მივიღებდით."

ხავი მარტინესი -"ენფილდზე" თამაში ეს უბრალოდ ოცნებაა. მე კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით, ასევე საკუთარი ასპარეზობითაც. მიუნხენში ჩვენ მეორე რაუნდი გველის. გადაწყვეტილი ჯერ არაფერი არ არის. სახლში, ჩვენ მთელი ძალები უნდა გავიღოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მშრალ შედეგს მივაღწიეთ, ამით კმაყოფილები უნდა ვიყოთ."

მატს ჰუმელსი -"შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ იმ თამაშით, რისი დემონსტრირებაც თითოეულმა ჩვენგანმა მოახერხა. ვმოქმედებდით დისციპლინირებულად და შევასრულეთ ის დავალება, რაც მწვრთნელმა მოგვცა. დღეს ჩვენი მიზანი იყო მოწინააღმდეგე გუნდის ძლიერი მხარეების განეიტრალება. ეს ჩვენ ბრწყინვალედ შევძელით. მათ სამ შემტევს სივრცეებს არ ვუტოვებდით. შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსებს 50/50 ზე ვაფასებ. სახლში ჩვენ გამარჯვება გვმართებს. არცერთ გუნდს არ მოსწონს მიუნხენში ასპარეზობა."

იურგენ კლოპი ("ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი) -"შეტევაში ბევრი მოქმედება იყო, თუმცა მატჩი მაინც 0-0 დასრულდა. "ბავარია" ძალზედ ყურადღებით მოქმედებდა და ცხოვრება გაგვირთულა. თუმცა ამ ფატქს ჩვენ თავად შევუწყეთ ხელი. ე.წ ბოლო პასის განხორციელებას ვერ ვახერხებდით და ბურთს მეტოქეს ვაბარებდით. მათი ბოლო ხაზი კარგად მოქმედებდა. ისღა დაგვრჩენია მივიღოთ რეზულტატი ისეთი, როგორც არის. ჩვენ წინ კიდევ ერთი ორთაბრძოლა გველის."

ჟოელ მატიპი ("ლივერპულის" მცველი)- "ბავარია" ბრწყინვალე გუნდია, რომელიც წამყვან ევროპულ კლუბთა ჩამონათვალში შედის. დღეს ჩვენ ბევრი რამ არ გამოგვივიდა, თუმცა გოლიც არ მიგვიღია და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ. რა თქმა უნდა, გამარჯვების მოპოვება გვსურდა. შედეგი არც თუ ისე ცუდია. ორივე გუნდს შეუძლია მომენტების შექმნა."
1

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.