» » FCB: ბაიერნი სუპერმატჩის მოლოდინშია

FCB: ბაიერნი სუპერმატჩის მოლოდინშია

13-03-2019, 11:11
069
დღეს საკმაოდ დაძაბული დღე იქნება! ენფილდზე მოპოვებული ფრის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩისთვის რეკორდმაისტერმა ოდნავ შეაღო 1/4 ფინალის კარი. ალიანს არენაზე ბაიერნმა ბოლომდე უნდა გახსნას კარი და ზედიზედ მერვეჯერ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რაუნდში.

"მოუთმენლად ველით აღნიშნულ შეხვედრას, შიშის გრძნობა არ გვაქვს. ჩვენ საკუთარ კედლებში ვითამაშებთ და გვსურს გამარჯვება მოვიპოვოთ", - განაცხადა სამშაბათის პრესკონფერენციაზე მანუელ ნოიერმა. შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერის 32 წლის კაპიტანი ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩის ზღვარზეა.

"ზუსტად ის დროა, რომ ეს მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგოთ. უკვე დიდი ხანია საკუთარ მოედანზე ძლიერი, საერთაშორისო დონის მეტოქე არ დაგვიმარცხებია", - დაამატა პირველმა ნომერმა.

მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საუბრობდა: "ჩვენ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვუპირისპირდებით". ენფილდზე დაფიქსირებული ანგარიშის შემდეგ ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ საპასუხო შეხვედრაში მისი ფეხბურთელები თავდასხმაში მოუმატებენ. "ჩვენ კიდევ უფრო ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ და კარგად გამოვიყენოთ თავისუფალი ზონები. ბოლო მატჩებში კარგი საბრძოლო სულისკვეთება ვაჩვენეთ, კრეატიულები ვიყავით და ბევრ მომენტს ვქმნიდით".

"არ უნდა ველოდოთ, რომ თავპირის მტვრევით გავარდებით შეტევაში და ჩვენს თავს ჩვენვე შევუქმნით პრობლემბს", - ამბობს კოვაჩი.

ბოლო დროინდელი წარმატებული სერიის (12 გამარჯვება უკანასკნელი 13 მატჩიდან), ენფილდზე მოპოვებული ფრისა და ბერლინის ჰერტასთან წარმატების შემდეგ ნიკო კოვაჩი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"ბოლო კვირებში მონდომებისა და ენთუზიაზმის დემონსტრირება მოვახდინეთ. რაც უფრო ახლოვდება სეზონის ბოლო, მით უფრო კონცენტრირებული და ძლიერები ხდებიან ჩვენი ფეხბურთელები. ალიანს არენაზე 0:0 არ დაფიქსირდება. თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ", - ხაზგასმით თქვა ნიკო კოვაჩმა.

ამასთან ერთად რეკორდმაისტერის მწვრთნელი საკუთარ ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ ლივერპულის სწრაფ კონტრშეტევებთან მოუწევთ გამკლავება: "ლივერპული ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელსაც უმალ შეუძლია დაცვიდან თავდასხმაში გადასვლა. ჩვენ არ შეგვიძლია თავპირის მტვრევით გავარდეთ წინ და ჩვენ თავს ჩვენვე შევუქმნათ პრობლემები. თამაშში კარგად უნდა ჩავერთოთ და ჩვენი რიტმი უნდა ვიპოვოთ. ბალანსის მოძებნაა საჭირო".

აღსანიშნავია, რომ ლივერპულთან მატჩის წინ საკადრო თვალსაზირისით კარგი სიახლეებია. დავიდ ალაბა სრულად რეაბილიტირებულია ტრავმის შემდეგ და კოვაჩის თქმით სრულ მზადყოფნაშია. კინგსლი კომანი, რომელმაც ორ კვირა-ნახევრის წინ ტრავმა მიიღო ასევე საბრძოლველ ფორმაშია.

"ბედნიერი ვარ, რომ კინგსლი გვეყოლება. ჩვენ ერთით მეტი ვარიანტი გვექნება", - აღნიშნა ბავარიელთა მწვრთნელმა. გუნდს დღეს დისკვალიფიცირებული იოშუა კიმიხი და ტომას მიულერი ვერ დაეხმარებიან, ასევე რეაბილიტირებული არიენ რობენი და კორენტინ ტოლისო, თუმცა ამის გარეშეც მიუნხენელები 1/4 ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ.

სტატისტიკაც მიუნხენის ბაიერნის სასიკეთოა, რომელიც გვიჩვენებს, რომ პირველ მატჩში დამთავრებული ფრის შემდეგ საპასუხო შეხვედრაში 23 შემთხვევიდან სამხრეთელებმა 21-ჯერ მოახერხეს შემდეგ ეტაპზე გასვლა. მხოლოდ 2006/07 წლების სეზონში ბავარიელებმა მილანთან პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული 2:2 ვერ შეძლეს შემდეგ ეტაპზე გასვლა.

1980/81 წლების ნახევარფინალში სწორედ ლივერპულთან სტუმრად 0:0 დამთავრებული მატჩისა ბავარიელებმა საკუთარ კედლებში 1:1 ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლეს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..