» » კომენტარები : "ბაიერნი" 1 - 3 "ლივერპული"

კომენტარები : "ბაიერნი" 1 - 3 "ლივერპული"

14-03-2019, 11:28
060
ოთხშაბათს 13 მარტს, უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში, საფეხბურთო კლუბ "ლივერპულს" უმასპინძლა. შეხვედრა ბრიტანელების გამარჯვებით, ანგარიშით 1-3 დასრულდა. გერმანიის "რეკორდმაისტერი" კი ზემოხსენებულ ტურნირს გამოეთიშა. წარმოგიდგენთ მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.


ნიკო კოვაჩი -"დღეს ჩვენი მეტოქე ძალიან, ძალიან ძლიერი გუნდი იყო. მსურს მივულოცო იურგენ კლოპს და სრულიად "ლივერპულს". ორი მატჩის ჯამში ისინი საუკეთესოები იყვნენ. სანამ ანგარიში 2-1 იყო ჩვენ ღია ფეხბურთს ვთამაშობდით. ყველამ კარგად ნახა, რომ ერთ სტანდარტულ მომენტს ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია. მეტოქე კარგად ფარავდა ჩვენს მოთამაშეებს. არ გამოგვდიოდა წყნარი, კომბინაციური თამაში ლევანდოვსკის ჩართულობით. სწორედ ამიტომ ჩვენ დამსახურებულად დავმარცხდით. მოწინააღმდეგე ძალიან მაღალი სიჩქარით ახორციელებდა პრესინგს. წინ წასვლას მხოლოდ განაპირა მცველების მეშვეობით ვცდილობდით. ჩვენ ესეც არ გამოგვივიდა, რადგანაც მეტოქე ნამდვილად კარგად თამაშობდა, ჩვენი დღე კი უბრალოდ არ იყო. "ლივერპული"- ტოპ კლუბია. გასულ სეზონში მათ ფინალში იასპარეზეს, პრემიერ-ლიგაში კი მოწინავე პოზიციებზე არიან. ჩვენ ჩვენს საზღვრებზე მიგვითითეს."

ჰასან სალიჰამიჯიჩი -"ჩვენ ვერ მოვახერხეთ ზეწოლის ორგანიზება. კომპლიმენტები "ლივერპულს" მათ შესანიშნავი თამაში აჩვენეს. ისინი უბრალოდ ჩვენზე უკეთესები იყვნენ, უკეთ მოქმედებდნენ ართმევებზეც. როგორც წესი ბურთს ჩვენ ვფლობთ, თუმცა დღეს ეს ასე არ იყო. ვერ შევძელით მეტოქე გუნდის ნახევარზე გამაგრება და რეგულარულად სახიფათო მომენტების შექმნა."

მანუელ ნოიერი -"მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. ძალა არ გვყოფნიდა, რომ შეტევები გაგვეძლიერებინა. მომენტებს ძალიან მცირე რაოდენობით ვქმნიდით. შედეგი კანონზომიერია, თუმცა ამის აღიარება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა. ძალიან მოტივირებულები ვიყავით, გვსურდა შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. განწყობა საბრძოლო იყო. სტანდარტულიდან მიღებულმა გოლმა უბრალოდ გაგვანადგურა, ეს ძალიან ცუდ დროს მოხდა."

მატს ჰუმელსი - "2-1 მდე ეს ძალიან დაძაბული მატჩი იყო. ორივე კარებთან არც თუ ისე ბევრი მომენტი იქმნებოდა, გუნდები სიფრთხილეს იჩენდნენ. ძალიან გაგვიჭირდა საკუთარი ფეხბურთის დემონსტრირება. "ლივერპულმა" პირველივე საგოლე მომენტით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, ამის შემდეგ ჩვენც გამოვიყენეთ ჩვენი შანსი. მეორე მიღებულმა გოლმა საკუთარი თავის რწმენა დაგვაკარგინა. დანარჩენ დროს "ლივერპული" უკეთესი გუნდი იყო. 2-1 მდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, რომელიც სანახაობრივად არ გამოირჩეოდა."

იურგენ კლოპი ("ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი)- "აქ ჩამოვედით იმისათვის, რომ მეოთხედფინალის საგზური მოგვეპოვებინა. არც თუ ისე ბევრ გუნდს შეუძლია "ბაიერნის" გაგდება. ბოლო წლებში ეს კლუბი ხშირად ასპარეზობდა ნახევარფინალში. ასე, რომ სარბიელიდან მათი გამოთიშვა ასე უბრალოდ არ ხდება. ჩვენ კვლავინდებურად სწორ გზაზე ვიმყოფებით. მატჩი ძალიან რთული იყო, ის გახლდათ ტაქტიკური ასპექტებით დატვირთული. საჭირო იყო თავისუფალი სივრცეების ჩაკეტვა. ორივე გუნდი ფრთხილობდა, გვსურდა უფრო მეტის ჩვენება და საბედნიეროდ შესვენების შემდეგ, ეს გამოგვივიდა კიდეც."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..