La Repubblica: ბაიერნი ფიორენტინას შემტევით დაინტერესდა
ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა La Repubblica-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნი ფიორენტინას ახალგაზრდა შემტევი გარემარბით, ფედერიკო კიეზათი, დაინტერესდა და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფლორენციელი ტალანტის გადმობირებას შეეცდება.
La Repubblica-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ 21 წლის იტალიელი ფეხბურთელით რეკორდმაისტერის გარდა ლივერპული, ტურინის იუვენტუსი, ინტერი და რომა არიან დაინტერესებულნი. კიეზას მოქმედი კონტრაქტი იტალიურ გუნდთან 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების ფასი 50 € მილიონ ევროს შეადგენს.
21-წლის შემტევისთვის მიმდინარე სეზონი ერთ-ერთი გამორჩეულია. ფედერიკო კიეზამ წელს ფიორენტინას ფორმით გამართული 31 შეხვედრიდან 12-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა, 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ჯამში 2.629 წუთი დაჰყო მოედანზე.
კიეზას წლევანდელი შესანიშნავი პერფორმანსია იმის მიზეზი, რომ ერთდროულად რამდენიმე ევროპული გრანდი დაინტერესდა 21-წლის გარემარბის გადაბირებით, რადგან ყველა კარგად ხედავს ფედერიკოს პოტენციალს.
La Repubblica-ს ინფორმაციით ლივერპული კვლავ დაინტერესებულია იტალიელი ფეხბურთელის შეძენით, ხოლო მიუნხენის ბაიერნმა ჯერ-ჯერობით ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესი გამოხატა და ტრანსფერზე მუშაობის აქტიურ ფაზაში არ გადასულა.
სერია A-ს წამყვანი გუნდების გარდა 21 წლის იტალიელი შემტევი გარემარბით ლივერპულთან ერთად ინგლისიდან მანჩესტერ სიტი, ლონდონის ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდება.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით ფლორენციელები ფედერიკო კიეზას სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა სერიოზული ინტერესის შემთხვევაში ფიორენტინას ხელმძღვანელობა მზად იქნება ფასის განსახილველად დამატებით მოლაპარაკებებზე წამოვიდეს.