» » კოვაჩი : რთული ორთაბრძოლა გველის

კოვაჩი : რთული ორთაბრძოლა გველის

14-04-2019, 12:18
081
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა, დუსელდორფის "ფორტუნას" წინააღმდეგ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ხორვატი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მის გუნდს წინ საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ელის და წარმატების მოპოვებისათვის "ბავარიელებს" მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებთ.

"ჩვენ ამ რთულ ორთაბრძოლას იმავე განწყობით უნდა მივუდგეთ, როგორც ეს დორტმუნდის "ბორუსიას" შემთხვევაში იყო. არ გვაქვს უფლება უფრო ნაკლებად ვირბინოთ, უფრო ნაკლებად შევიდეთ ორთაბრძოლებში ან უფრო ნაკლები აგრესიულობა გამოვიჩინოთ. ამ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საფეხბურთო დონე 100 პროცენტით იქნება წარმოდგენილი. "ბორუსიასთან" გამართულ პაექრობაში ჩვენ ყველას დავანახეთ თუ რა შეუძლია გუნდს. დუსელდორფში იმავეს განმეორება გვსურს."

"ფორტუნა" ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებზე. პირველ წრეში როდესაც ერთმანეთს ვხვდებოდით, მაშინ მატჩი ანგარიშით 3:1 მიგვყავდა, თუმცა საბოლოოდ ფრეს დავჯერდით -3:3. იმ მატჩის შემდგომ ჩვენ ყველაფერი კარგად გავაანალიზეთ და საჭირო დასკვნები გამოვიტანეთ. სწორედ იმ მომენტიდან გავედით სათანადო რელსებზე და ვიმედოვნებთ, რომ იგივეს არ გავიმეორებთ, რაც პირველ წრეში დაგვემართა."-ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის" პრეს-სამსახური ნიკო კოვაჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით გასამართი მატჩი დუსელდორფის "ფორტუნასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, კვირას თბილისის დროით 17:30 საათზე აიღებს სტარტს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..