» » კომენტარები : "ბაიერნი" 3 - 1 "ჰანოვერი"

კომენტარები : "ბაიერნი" 3 - 1 "ჰანოვერი"

5-05-2019, 10:56
0132
შაბათს, 4 მაისს გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე საფეხბურთო კლუბ "ჰანოვერს" უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. წარმოგიდგენთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.




ნიკო კოვაჩი -"პირველი 20 წუთის განმავლობაში "ჰანოვერი" ძალიან კარგად იცავდა თავს. ბურთს ვაკონტროლებდით, თუმცა სახიფათო მომენტებს მინიმალური რაოდენობით ვქმნიდით. მას შემდეგ რაც ანგარიში 1:0 გახდა, ჩვენ უფრო მეტი მომენტის შექმნა დავიწყეთ. შესვენებაზე გასვლის დროს ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი 4:0 უნდა ყოფილიყო და არა 2:0. ამის შემდეგ ჩვენ გოლი გავუშვით და 2:1 გახდა. ბურთს ვფლობდით, თუმცა "ჰანოვერი" განაგრძობდა საკუთარი თავის კარგად დაცვას, მთლიანობაში ეს დამსახურებული გამარჯვებაა. საშინაო დავალებას თავი წარმატებით გავართვით და ახლა სხვაობა ჩვენს მდევართან 5 ქულას შეადგენს. დაველოდოთ თუ რითი დასრულდება ეს საღამო."

არიენ რობენი -"ძალიან მადლიერი ვარ. მადლიერება ერთადერთი სიტყვაა, რომელიც ახლა ჩემს თავში ტრიალებს. ამისთვის ყველაფერი გავაკეთე, ვარჯიშობდი და ვიბრძოდი, რომ კვლავ გამოვსულიყავი მოედანზე. როდესაც ანგარიში 2:0 გახდა გავიფიქრე, კარგი იქნებოდა თუ მცირე სათამაშო დროს მივიღებდი. სამწუხაროდ ეს მხოლოდ 5 წუთი აღმოჩნდა."

თომას დოლი ("ჰანოვერის" მთავარი მწვრთნელი)-"როგორც ველოდებოდი ეს რთული მატჩი იყო. პირველი 25 წუთის განმავლობაში კარგად ვუმკლავდებოდით მეტოქეს, ამის შემდეგ კი შეტევები მიჯრით მოდიოდა. "ბაიერნი" პოზიციური თვალსაზრისით შესანიშნავად მოქმედებდა, ლევანდოვსკის გოლის დროს კი თავს ძალიან ცუდად ვიცავდით. ბიჭები კარგად თამაშობდნენ, თუმცა ცხადი იყო, რომ ასეთ "ბავარიას" ვერ გავუწევდით წინააღმდეგობას. გაგვიმართლა, რომ მხოლოდ ორბურთიანი სხვაობით დავთმეთ ეს მატჩი. ესერმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა. მიუნხენში დამარცხება სამარცხვინო სულაც არ არის."

ლინტონ მაინა (ჰანოვერ 96") -"თამაშის დალაგება ვერ მოვახერხეთ. "ბავარია" ძლიერად მოქმედებდა ფლანგებზე, განსაკუთრებით გამოვყოფდი კიმიხისა და გნაბრის თამაშს ჩემს ფლანგზე. მეორე ტაიმში ყურადღება მოვიკრიფეთ და ნამდვილად კარგი თამაში ვაჩვენეთ. წითელი ბარათის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. როდესაც 'ბაიერნის" წინააღმდეგ ასპარეზობ, რთულია 11 კაცით თამაშიც კი, აღარაფერს ვამბობ რიცხობრივ უმცირესობაზე."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..