» » "ბავარიელთა" ბანაკში არსებული საკადრო მდგომარეობა

"ბავარიელთა" ბანაკში არსებული საკადრო მდგომარეობა

4-10-2019, 11:26
0267
"რეკორდმაისტერის" წარმატებული კვირა! თავდაპირველად ნიკო კოვაჩის შეგირდებმა დაძლიეს რა "პადერბორნის" ბარიერი, ანგარიშით 3:2 დამკვიდრდნენ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე. ამის შემდეგ მიუნხენურმა გრანდმა შთამბეჭდავი თამაში აჩვენა ლონდონში. გერმანელებმა ადგილობრივი კლუბი "ტოტენჰემი" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს (7:2). შაბათს 4 ოქტომბერს კი ალიანც არენაზე "ბავარიას" მორიგი პაექრობა ელის - "ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ.

მოახლოებულ მატჩამდე კარგი ინფორმაცია ვრცელდება ჟერომ ბოატენგთან დაკავშირებით. ცენტრალურმა მცველმა მიღებული მცირე ტრავმა მოიშუშა და საერთო ჯგუფთან ერთადაც ივარჯიშა. "ამჟამად იგი თავს კარგად გრძნობს" -ლაკონურად შემოიფარგლა ნიკო კოვაჩი. აღნიშნულიდან გამომდინარე ბოატენგს აქვს შანსი, რომ შაბათს ძირითად თერთმეტეულში იყოს წარმოდგენილი.

კიდევ ერთი კარგი სიახლე დავიდ ალაბას უკავშირდება. შეგახსენებთ, იგი ჟერომ ბოატენგის მსგავსად, "ტოტენჰემთან" მატჩის მსვლელობის დროს, მიღებული დაზიანების გამო შეცვლილი იყო, თუმცა სერიოზული გართულება თავიდან იქნა აცილებული -"მადლობა ღმერთს, საშიში არაფერია"-აღნიშნავდა ხორვატი სპეციალისტი ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ხუთშაბას, დავიდ ალაბა ფიტნეს-დარბაზში მუშაობდა. თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ავსტრიელი უკანახაზელი "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ თამაშს. "მას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს თამაშისათვის მზადყოფნაშია. დაველოდოთ, სამედიცინო თვალსაზრისით რა მდგომარეობა გვექნება."-განაცხადა კოვაჩმა.

რაც შეეხება ლუკას ერნანდესს, რომელმაც სარეაბილიტაციო ვარჯიშის დროს ტრავმა გაიმიზეზა, შაბათს ჩანიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. "მისი აღდგენითი პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილები ვართ, თუმცა არა იმდენად რომ შაბათს მას თამაშის საშუალება მივცეთ."-დასძინა ნიკომ. გარდა ამისა ხსენებულ პაექრობაში წარმოდგენილი ვერ იქნება არპი და ლეონ გორეცკა. ეს უკანასკნელი გამოჯანმრთელების გზას ადგას და როგორც კოვაჩმა აღნიშნა მომავალი კვირიდან სავარჯიშო დატვირთვებს საგრძნობლად გაუზრდიან.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.