» » კომენტარები : ფრაიბურგი 1 – 3 ბაიერნი

კომენტარები : ფრაიბურგი 1 – 3 ბაიერნი

19-12-2019, 12:03
0164
18 დეკემბერს, გერმანიის ჩემპიონატის მორიგი რაუნდი გაიმართა. მიუნხენის „ბაიერნი“ გასვლით მატჩში საფეხბურთო კლუბ „ფრაიბურგს“ სტუმრობდა. დაძაბული ორთაბრძოლა „რეკორდმაისტერის“ სასარგებლოდ დასრულდა. ჰანსი ფლიკის შეგირდებმა ანგარიშით 3-1 გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე დამკვიდრდნენ. წარმოგიდგენთ, ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.



ჰასან სალიჰამიჯიჩი - „მატჩის საწყის ეტაპზე, ვერ მოვახერხეთ არსებული მომენტების რეალიზება. კარგად ვთამაშობდით, თუმცა ტემპს მოვუკელით და ინიციატივაც დავთმეთ. მეორე ტაიმში დაღლა დაგვეტყო, ნათელი იყო რომ ასპარეზობა გვიჭირდა. წარმატების მიღწევის იმედი არ დაგვიკარგავს და საბედნიეროდ ყველაფერი ისე დამთავრდა როგორც წარმოგვედგინა. ახალგაზრდა ზირკსემ გამარჯვება მოგვიტანა. ეს არის არამხოლოდ მთავარი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი, რომელმაც იგი მოედანზე შემოიყვანა, არამედ ზოგადად აკადემიისთვისაც. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სწორ გზას ვადგავართ.“

ჰანსი ფლიკი - „დღეს ჩვენ ვიხილეთ, ორი განსხვავებული ტაიმი. ფრაიბურგმა უკეთ თამაში დაიწყო, ისინი ბრწყინვალედ კეტავდნენ თავისუფალ ზონებს და დიაგონალური გადაცემის გამოყენებით იერიშებზე გადადიოდნენ. ამ მონაკვეთს გავუმკლავდით. რა თქმა უნდა გაგვიმართლა კიდეც, სწორედ ამიტომ ორმაგად სასიამოვნოა სახლში წასვლა, როდესაც ანგარიშით 3:1 იგებ. ფეხბურთელების ზურგს უკან მრავალი განვლილი მატჩია თავმოყრილი, სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ რაღაც ეტაპზე გუნდს დაღლა ეტყობა. ახლა დასვენება გვმართებს და შაბათს გასამართი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. „ვოლფსბურგთან“ ორთაბრძოლას ოპტიმალური კონდიციებით უნდა შევხვდეთ.“

მანუელ ნოიერი - „როდესაც ანგარიში გათანაბრდა, ფრაიბურგმა უკეთ თამაში დაიწყო. არ ვკარგავდით იმედს, რომ გამარჯვებას მივაღწევდით. ერთ-ერთი პაუზის დროს შევთანხმდით, რომ მაქსიმუმს გავიღებდით და ეს დაგვეხმარა კიდეც. ყველაფერი დაგეგმილივით წარიმართა და საბოლოო ჯამში ანგარიშით 3:1 ვიმარჯვეთ.“

კრისტიან შტრაიხი (ფრაიბურგის მთავარი მწვრთნელი) – „პირველი 10 წუთის განმავლობაში ვფიქრობდით, რომ ისინი უბრალოდ გაგვიტანდნენ მოედნიდან. ვიცოდით, რომ სწორედ ამგვარი შემართებით მოვიდოდნენ და მეტოქეს სათანადოდ შეაფასებდნენ. ხსენებული 10 წუთის შემდეგ, არავინ მოელოდა, რომ ამ წნეხს გავუძლებდით და თავად დავიწყებდით მომენტების შექმნას. გუნდმა აჩვენა იშვიათი თამაში, ასეთი მოტივირებული „ბაიერნის“ წინააღმდეგ. ძალიან რთულია აჯობო „ბავარიას“ როდესაც ეს გუნდი მსგავს ტემპში იწყებს თამაშს.“

იოჰან ზაიერი - „რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო როდესაც ასე მარცხდები, ეს უსამართლობა იყო. „ბაიერნს“ სერიოზული პრობლემები შევუქმენით. ჩვენმა გუნდმა შთამბეჭდავი ასპარეზობა აჩვენა. გვქონდა ოთხი-ხუთი შესანიშნავი მომენტი. ასეთი მარცხი მტკივნეულია, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია. თუმცა ამავე დროს ჩვენ უნდა ვეძიოთ პოზიტიური მომენტებიც. მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშით ქულას ვიმსახურებდით, მეტიც ჩვენ გამარჯვებაც შეგვეძლო.“
1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.