ბოატენგი : "ბაიერნში" თავს კარგად ვგრძნობ
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "რეკორდმაისტერის" რიგებში თავს კომფორტულად გრძნობს. ჟერომის განცხადებით ჰანს-დიტერ ფლიკი მას სრულად ენდობა.
"ჯერ კიდვ ჰანს-დიტერ ფლიკის მოსვლამდე ვფიქრობდი ჩემს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მოცემულ მომენტში "ბავარიაში" თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ კლუბში დავრჩები. ახლაც, მიმდინარე სეზონშიც, ფოკუსირებული ვარ მხოლოდ ბაიერნზე. მსურს, რომ სამწვრთნელო შტაბი სრულიად მენდობოდეს. ეს ნდობა კვლავ გაჩნდა. ფლიკის მოსვლამდე გულმოდგინედ ვმუშაობდი, მაგრამ მოედანზე გასვლის შანსს, ვერ ვიღებდი და შესაბამისად ვერ ვახერხებდი სათამაშო რითმის პოვნასაც. ეს თითოეული ფეხბურთელისთვის ურთულესი რამ არის. ფლიკმა თავიდანმე განმიცხადა, რომ მენდობა და ჩემი იმედი აქვს. ახლა კვლავ ვტკბები ფეხბურთის თამაშით." -ციტირებს გამოცემა Welt am Sonntag-ი გამოცდილი უკანახაზელის სიტყვებს.
ჟერომ ბოატენგი, ნიკო კოვაჩის მუშაობის პერიოდში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდა და არაერთხელ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ იგი კლუბის დატოვებაზე ფიქრობდა. მისით ინტერესდებოდნენ ისეთი კლუბები, როგორებიც არიან ლონდონის "ჩელსი", "არსენალი" და ბერლინის "ჰერტა".