» » FCB: ფლიკი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს

FCB: ფლიკი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს

26-მაი-2020, 00:38
0189
მიუნხენის "ბაიერნი" ტურის ცენტრალური მატჩისთვის ემზადება. იგრძნობა სრული მობილიზება, თუმცა ლოჯისტიკური კომპონენტიც არავის დავიწყებია. ორშაბათს "რეკორდმაისტერმა" დასკვნითი ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ გასვლითი მატჩი სტარტს, 26 მაისს თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს.

"ბაიერნის" სავარჯიშო კომპლექსზე გამართული მომზადება ითვალისწინებდა ტაქტიკური ასპექტების დამუშავებას, ასევე კარის მიმართულებით დარტყმების განხორციელებას. კუნთების პრობლემის გამო, ხსენებული ვარჯიში გამოტოვა ტიაგო ალკანტარამ. -"იგი ვერ ითამაშებს. რა თქმა უნდა, ვისურვებდი რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო"-აცხადებდა პრესს-კონფერენციაზე ჰანს დიტერ-ფლიკი. fcbayern.com წარმოგიდგენთ ამონარიდებს ფლიკის ინტერვიუდან.


ფლიკი დორტმუნდის "ბორუსიას" შესახებ

"3-4-3 სათამაშო სისტემის წყალობით, "ბორუსიამ" დაცვაში მეტი სტაბილურობა შეიძინა. მათი თითოეული ფეხბურთელი უბურთოდ შესანიშნავად თამაშობს. ისინი აქცენტს ჩაჭრებზე აკეთებენ, რაც თავის მხრივ კონტრ-შეტევისათვის აუცილებელი ფაქტორია. ჩვენ სწორედ ამის კონტროლი გვმართებს. ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი ზონების ამოვსება. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩემი აზრით, საწყის წუთებში დორტმუნდი დაცვაში ჩაჯდება. თუმცა თუ ისინი სხვაგვარად იმოქმედებენ, ჩვენც მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ. ზამთრის პაუზის დროს "ბორუსია" 2 ფეხბურთელით გაძლიერდა, რომელთაც შესანიშნავი მენტალიტეტი ახასიათებთ. ჩანი გამოირჩევა დაცვით მოქმედებებში, ჰოლანდი კი შტევაში. ეს არის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ჩემპიონთა ლიგაზე მათ თითქმის შეძლეს პარიზული ბარიერის გადალახვა. ოპტიმალური თამაში უნდა ვაჩვენოთ."

ფლიკი ლევანდოვსკის და ჰოლანდის შედარებაზე

"ეს არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მეტოქე გუნდის კარისათვის უდიდესი საფრთხეა. გამუდმებით ეძებს დასარტყმელ მომენტს, გამოირჩევა დინამიურობით. იგი მუდამ "მშიერია". აღსანიშნავია ფიზიკური კონდიციებიც. მიუხედავად ამისა, ყურადღების მხოლოდ მასზე გამახვილება არაფერს გვარგებს. მისთვის ეს პირველი სეზონია, ასე რომ შესადარებელიც ჯერჯერობით არაფერია. რობერტი ბოლო წლების მანძილზე მუდამ მსოფლიო კლასს დემონსტრირებდა. ჰოლანდი კი დიდი ტალანტია."


ფლიკი მატჩის მნიშვნელობაზე

"ამ შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე ორთაბრძოლაღა დარჩება. აუცილებელია თითოეულ მათგანში მაქსიმალური ბრძოლა. ბედნიერებაა, როდესაც ორი ასეთი გუნდი ერკინება ერთმანეთს."


ფლიკი დავიდ ალაბას შესახებ

"მე ვესაუბრე დავიდს და განვუცხადე, რომ კარგი ცენტრალური მცველია. ამ პოზიციაზე მან შესაშური პროგრესი განიცადა. ნამდვილი ლიდერია, რომელიც მითითებებს იძლევა. მაშინ როდესაც სტადიონზე ქომაგი არ არის, ამას ადვილად გაიგებთ. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს, მე ამას ვითხოვდი მისგან. აუცილებელია ბიჭებმა ერთმანეთის მხარდაჭერა იგრძნონ, უკარნახონ ერთმანეთს, მისცენ მოტივაცია... ჩემი სურვილია "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილი გუნდის ნაწილადვე დარჩეს."


ფლიკი თომას მიულერის შესახებ

"თომასი ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გუნდს გაუძღვეს. "აინტრახტთან" მატჩში იგი ძალიან კარგად იხსნებოდა და ეძებდა თავისუფალ ზონებს. მუდამ მზად იყო ბურთის მისაღებად და გუნდის დინამიკას ბიძგს აძლევდა. მას უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ყოველ ჯერზე გამარჯვებისკენ ისწრაფვის. იგი განსახიერებაა Mia san Mia-სი. ყოველთვის იცის, რომ 100 პროცენტით დახარჯვა აუცილებელია. ბედნიერი ვარ, რომ მან ასეთი ფორმა აკრიფა."


ფლიკი ლეონ გორეცკას შესახებ

"აინტრახტთან" გამართულ შეხვედრაში ლეონმა ბევრი ჩაჭრა განახორციელა, გამოირჩეოდა აგრესიულობით. საყრდენი ნახევარმცველისათვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი კუნთის მასა საგრძნობლად გაიზარდა, რაც წაადგა კიდეც. გორეცკა კარგად პროგრესირებს. უწინ მისი როლი უფრო შეტევაში ვლინდებოდა, თამაშობდა 8 და 9 ნომერ პოზიციაზე. მიუხედავად ამისა საყრდენის პოზიციიდანაც კი შეუძლია აჩქარების წყალობით შეტევებში ჩაერთოს და საკუთარი თავი წარმოაჩინოს. იგი ამ პოზიციას სხვანაირად ინეტრპრეტირებს, არანაკლებად ტიაგოზე. მოხარული ვარ, რომ მისი სახით ალტერნატივა გამაჩნია."
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..