ბრაუნი : სანჩო ბრწყინვალე ფეხბურთელია
მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი მცველი უეს ბრაუნი, ჯეიდონ სანჩოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. მისი განცხადებით სანჩო სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც შეძლებდა და "წითელ ეშმაკებს" საჭირო აზარტს დაუბრუნებდა.
"ტალანტისა და აზარტის ნაზავი. მანჩესტერ "იუნაიტედს" სწორედ ასეთი ფეხბურთელი ესაჭიროება. მრავალი წლის მანძილზე, ჩვენ გვყავდა მსგავსი მოთამაშეები. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ მასთან კონტრაქტს გავაფორმებთ, იგი ამ აზრტს დაუბრუნებს "იუნაიტედს". ეს ამ გუნდისთვის შესანიშნავი იქნებოდა. კრისტიანო რონალდოს სახით, მსგავსი ფეხბურთელი უწინ გვყავდა. ეს შემტევები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც თავისკენ იტყუებენ 3-4 მცველს და საკუთარ თანაგუნდელებს თამაშს უადვილებენ. თუკი მანჩესტერი ამ გარიგებას განახორციელებდა, ეს უბრალოდ ბრწყინვალე ფაქტი იქნებოდა."-ციტირებს გამოცემა Goal-ი ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს.
ჯეიდონ სანჩო შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გამოცემა ESPN წერდა, რომ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერისათვის ბრძოლაში მანჩესტერ "იუნაიტედს", მიუნხენის "ბაიერნი" შეეცილებოდა. კორონავირუსის პანდემიამდე "ბავარიელებმა" დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობას კონკრეტული წინადადებითაც მიმართეს-აღნიშნავს გამოცემა.
20 წლის შემტევს "შავ-ყვითლებთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. დორტმუნდელები მისაღებ ფასად 120 მილიონ ევროს ასახელებენ და მიუხედავად კრიზისისა, ფასის დაკლებაზე არ ფიქრობენ. ამ სატრანსფერო ბრძოლაში ფავორიტად სწორედ მანჩესტერ იუნაიტედს ასახელებენ. რაც შეეხება "ბაიერნს" იგი ლეროი სანეს ტრანსფერს პრიორიტეტულად განიხილავს და სანჩოს მხოლოდ სათადარიგო ვარიანტად მოიაზრებს.