Sportbild: მომავალში ხავი მარტინესი კიმიხს ლეგენდად ხედავს
წელს ხავი მარტინესს საკმაოდ ცუდი სეზონი აქვს. ესპანელმა ფეხბურთელმა მხოლოდ 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლიდანაც 9 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში. რეკორდმაისტერთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა შესაძლებელია მიმდინარე სეზონის შემდეგ ბავარია დატოვოს.
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Sportbild ხავი მარტინესის "Marca"-თან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც 31 წლის ნახევარმცველი ჰანსი ფლიკზე, რობერტ ლევანდოვსკისა და იოშუა კიმიხზე საუბრობს.
გადაწყვეტილება მომავალთან დაკავშირებით მიღებული არ არის: „უნდა დავსხდეთ და ხელმძღვანელობასთან გავიაროთ ეს საკითხი. ყველაფრისთვის მზად ვარ. აქ გატარებული წლები, უდავოდ, დიდებული იყო. ჯერ მოცდა მოგვიწევს, რადგან მრავალი გასარკვევი საკითხია დარჩენილი".
"ასევე ნებისმიერი შემოთავაზებისთვის ღია ვარ. ამერიკა, ავსტრალია ან ესპანეთში დაბრუნება, სადაც ბილბაოში 6 შესანიშნავი წელი გავატარე", - ამბობს მარტინესი.
თუმცა, სანამ სამომავლო გეგმების ჟამი დადგება, მანამდე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონია დასამთავრებელი, სადაც მიზანს ჩემპიონის ტიტული წარმოადგენს: "კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ, თუმცა მომავალიშეხვედრები ადვილი არ იქნება. ჩემპიონობამდე კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომელიც ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია".
31 წლის ესპანელს ცარიელ სტადიონზე თამაში არ მოსწონს: "ძალიან არ მომწონს ცარიელი ტრიბუნები, საკმაოდ ემოციური ვარ. ყვირილი და შეძახილები ყოველთვის მოტივაციის წყაროა ჩემთვის. სამწუხარო სანახავი იყო, როდესაც დორტმუნდს ვეწვიეთ და სტადიონზე რამდენიმე ადამიანი იყო, მაგრამ ასევე მესმის, რომ ამ მდგომარეობაში ფეხბურთის სათამაშოდ ეს აუცილებელია".
მოგეხსენებათ გერმანული კლასიკო მიუნხენის ბაიერნის გამარჯვებით დასრულდა. მატჩში ერთადერთი გოლი იოშუა კიმიხმა გაიტანა. ამ უკანასკნელს ხავი მარტინესი აქებს: "იოშუა ლიდერადაა დაბადებული. კარგად იცის როგორ უნდა იხელმძღვანელოს. კიმიხი რეკორდმაისტერის ლეგენდა იქნება მომავალში, თუ უკვე არ არის".
ბასკი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკის მიმართაც არ იშურებს კომპლიმენტებს: "რობერტი საუკეთესო 9-იანია ვისთანაც კი მითამაშია ჩემი კარიერის განმავლობაში. ძალიან წარმატებული. ნამდვილი ცხოველია. ასე თამაში აგვისტოს ბოლომდე უნდა გააგრძელოს".
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება ჰანსი ფლიკია, რომელმაც კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის დროს რეკორდმაისტერთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა: "იოჰიმ ლიოვთან მრავალი წელი იმუშავა და ბევრი რამ ისწავლა. ახლა გერმანიის ნაკრების სტილის ფეხბურთს ვთამაშობთ. მისი პიროვნება იდეალურია ისეთი გუნდისთვის, როგორიც მიუნხენის ბაიერნია. ჰანსი ვისენტე დელ ბოსკეს მახსენებს მრავალი მიზეზის გამო: პიროვნება, რომელსაც უყვარს ფეხბურთი, ვისაც კარგად ესმის გუნდური თამაშის უპირატესობა, ასევე იცის რა არის საჭირო და როდის".