» » TodoFichajes: ხავი მარტინესის მომავალი გარკვეულია

TodoFichajes: ხავი მარტინესის მომავალი გარკვეულია

8-ივნ-2020, 10:59
0236
ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა TodoFichajes-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხავი მარტინესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ბავარიულ გრანდს დატოვებს და მშობლიურ ბილბაოს ატლეტიკს დაუბრუნდება.

TodoFichajes-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ნაწილობრივ უკვე დასრულებულია და საჯარო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გახდება. კლუბისა და ფეხბურთელის ბოლოს გავრცელებული განცხადებები მიანიშნებს ურთიერთსიყვარულზე, რომელიც მარტინესის ატლეტიკში დაბრუნების ერთგვარ წინაპირობად შეიძლება ჩავთვალოთ.

"ყველაფერზე ვფიქრობ, რაც სპორტთან და ჩემს პიროვნებასთანაა დაკავშირებული. მათ შორის ბილბაოს ატლეტიკში დაბრუნებაც. ბილბაოში ექვსი დაუვიწყარო სეზონი გავატარე", - ამბობს ხავი მარტინესი.

"თბილი სიტყვებისთვის ხავის მადლობა უნდა ვუთხრათ. ძალიან კარგია, რომ მას ლეზამაში დაბრუნება სურს, ეს გასაკვირი არაა", - ამბობს ატლეტიკის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ ესპანელ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის მიხედვით 31 წლის მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 13 მილიონ ევროს შეადგენს.

ხავი მარტინესი ბილბაოს ატლეტიკი მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..