» » ფლიკი : კომპლიმენტები გუნდს!

ფლიკი : კომპლიმენტები გუნდს!

17-ივნ-2020, 11:20
0128
სამშაბათს, 16 ივნისს მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის 32-ე ტურში, ბრემენის "ვერდერთან" პაექრობა გამართა. შეხვედრა სტუმარი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 0-1 დასრულდა. ამ გამარჯვებამ "ბავარიას" ჩემპიონობა მოუტანა. გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო ჰანსი ფლიკი.

"კომპლიმენტები გუნდს! ის თუ როგორ ვთამაშობდით ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში - ეს არის მონდომება, ხასიათი, თამაშისაგან სიამოვნების მიღება, გუნდური სული... თავიდან ვერდერი მოკრძალებულად გამოიყურებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც კაცნაკლულები დავრჩით, ისინი უფრო თამამები გახდნენ. დღეს არ იქნება არანაირი კრიტიკა გუნდის მისამართით. აუცილებელია იმის გააზრება თუ როგორ მიაღწია ამ ყველაფერს კლუბმა. ბიჭები ძალიან მაღალ დონეს ფლობენ, სამწვრთნელო შტაბი კი მათ ენდობა. ეს მიუნხენის "ბაიერნია"! სწორედ ამიტომ დასახული მიზანი მუდამ უმაღლესია. პირველი ნაბიჯი გადავდგით. შემდეგი ნაბიჯი ეს გერმანიის თასია. ჩემპიონთა ლიგის დაგეგმვა კი არ შეიძლება. წინ მხოლოდ ერთი შეხვედრა გველის. შესატყვის ფორმაში ყოფნა გვმართებს."-აცხადებდა ნამატჩევს ჰანსი ფლიკი.

"ჩვენ გერმანიის ჩემპიონები ვართ. რა თქმა უნდა, რთულია ქომაგის გარეშე ზეიმი. ეს ატმოსფერო გვაკლია, მაგრამ მიუხედავად ამისა კმაყოფილები ვართ. ეს არ იყო მარტივი სეზონი, ტიტულისათვის დიდხანს ვიბრძოდით. იმედს ვიტოვებ მალე შევძლებთ, გულშემატკივრებთან ერთად მოედანზე საზეიმო ცერემონიის გამართვას. პირველ ტაიმში ვერდერი უფრო თავდაცვაზე იყო გადაწყობილი, თუმცა კარგად თამაშობდა. მეორე ტაიმში გოლი უნდა გაგვეტანა, ეს საქმეს გაცილებით გაგვიადვილებდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გერმანიის საუკეთესო კლუბი ვართ. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი კიდევ უფრო კარგად გვსურს ასპარეზობა." - ეს "ბაიერნის" შემტევის, რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებია.

ჰანსი ფლიკი რობერტ ლევანდოვსკი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..