» » Kicker: ალაბა კოლოსალურ ანაზღაურებას ითხოვს

Kicker: ალაბა კოლოსალურ ანაზღაურებას ითხოვს

10-სექ-2020, 23:53
0106
მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი უკანახაზელი დავიდ ალაბა, კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის პირობებზე, მოლაპარაკებებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა Kicker ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, 28 წლის ფეხბურთელი და მისი აგენტი პინი ზახავი, "რეკორდმაისტერის" მესვეურებთან, კოლოსალურ სახელფასო მოთხოვნას აყენებენ. მათ სურთ 5 წლიანი ხელშეკრულება, წლიური გასამრჯელოს სახით კი 25 მილიონი ევრო. გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება, დავიდ ალაბა პრიორიტეტულ ვარიანტად ესპანეთის ჩემპიონატს განიხილავს. თავად "ბაიერნის" დირექცია აცხადებს, რომ ფეხბურთელს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი წინადადებით მიმართეს.

დავიდ ალაბას კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი ევროა. პრესაში მრავალჯერ დაიწერა, რომ მისი მომსახურებით მანჩესტრ სიტი, ლონდონის "ჩელსი" და "პარი სენ-ერმენია" დაინტერესებული.

სულ რამდენიმე კვირის წინ, "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, დავიდ ალაბას მისამართით შემდეგი შინაარსის განცხადებას აკეთებდა - "თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ დავიდმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მისი გადაყვანა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგანაც იმ პერიოდში რამდენიმე მოთამაშემ ტრავმა მიიღო. ჩვენ დიდი ხნის მანძილზე არ გვყავდა დაცვის ხაზში ნამდვილი ლიდერი. ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავის ხელში აიღებდა და ყველაფრის გაკონტროლებას შეეცდებოდა, ადამიანი რომელიც პარტნიორებს უხელმძღვანელებდა. ალაბა სწორედ ამას აკეთებდა. იგი ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვენლობის მქონე ფეხბურთელია. ამის ეჭვქვეშ დაყენება უბრალოდ გამორიცხულია."

"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერზე შევჯერდებით და ალაბა სწორედ აქ დაასრულებს კარიერას. ყოველთვის ვამბობდი, რომ პირადად ჩემთვის იგი ფრანც ბეკენბაუერის ტოლფასია. იგი პირველია, ვინც მსგავს დონეზე ასპარეზობა შეძლო."
- ციტირებდა რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა Sky Germany.

დავიდ ალაბა კარლ-ჰაინც რუმენიგე კონტრაქტის გახანგრძლივება

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..