» » Gentside Sport: ჟერომ ბოატენგის ინტერვიუ

Gentside Sport: ჟერომ ბოატენგის ინტერვიუ

27-04-2013, 02:28
0112
მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, Gentside Sport-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებასა და გუნდში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

Gentside Sport: ბარსელონას დამარცხებამ მთელი ევროპა გააოცა, აცნობიერებთ რამხელა გამარჯვება მოიპოვეთ?

ბოატენგი: ვფიქრობ ბარსელონასთან გამარჯვება ბაიერნის თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა. კატალონიური კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც იმის ნიშანია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ვიცოდი, რომ საკმაოდ ძლიერები ვიყავით, მაგრამ უნდა ვაღიარო: თამაშის მიმდინარეობით გაკვირვებული ვიყავი. 4:0 გასაოცარი რეზულტატია. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი კარიერის საუკეთესო შეხვედრა იყო.

Gentside Sport: თქვენ ლიონელ მესის სრულად ჩაკეტვა მოახერხეთ...

ბოატენგი: მოედანზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ყველანი ერთად ვიბრძოდით, რაც წარმატების გასაღები გახდა. მოედანზე ერთმანეთთან ახლოს უნდა ვმდგარიყავით და მეტოქე ჩვენს საჯარიმომდე არ მოგვეშვა. ეს მხოლოდ მესის არ ეხებოდა, ასევე სხვა ფეხბურთელებსაც. არ ვიცი მზად იყო თუ არა თამაშისთვის - ეს ჩემი პრობლემა არ არის, უფრო ბარსელონას უნდა აღელვებდეს.

Gentside Sport: მესი თქვენთვის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად რჩება?

ბოატენგი: კრიშტიანუ რონალდუ ასევე გასაოცარი ფეხბურთელია, რომელმაც უამრავი გოლი გაიტანა, მაგრამ ლიონელ მესი ეს რაღაც საოცრებაა. ზოგჯერ, როდესაც მას უყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სხვა პლანეტიდანაა.

Gentside Sport: შეიძლება ითქვას, რომ ბაიერნი ევროპის საუკეთესო კლუბია?

ბოატენგი: ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რაც საქმითაც დავამტკიცეთ. მთელი ევროპა ჩვენზე ავალაპარაკეთ. 4:0-ს ბარსელონას წინააღმდეგ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ თავიდანვე ფავორიტები ვიყავით. ბაიერნი ევროპის საუკეთესო კლუბია? - ამას კიდევ ვნახავთ, როდესაც ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ... ან ვერა. (იცინის)

Gentside Sport: ფრენკ რიბერიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი იყო მოედანზე. როგორ შეაფასებდით რიბერის ბრწყინვალე სეზონს?

ბოატენგი: ამჟამად რიბერი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ვაღმერთებ მას, შესანიშნავი მეგობარია. ძალიან კარგი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იღიმის. ბევრს ხუმრობს და საკმაოდ მხიარულია. აუცილებელია გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავდეს, რომელიც ყველას ახალისებს შესვენებაზე.

Gentside Sport: რიბერის ოქროს ბურთზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს?

ბოატენგი: ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ რიბერის. დიახ, მას თავისუფლად შეუძლია ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდეს. ფრენკი ბაიერნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ფეხბურთელი გუნდის გარეშე ხომ არაფერია.

Gentside Sport: შემდეგი სეზონიდან გუნდს პეპ გვარდიოლა გაწვრთნის. მოუთმენლად ელით ამ მომენტს, თუ აუღელვებლად ელოდებით მის მოსვლას?

ბოატენგი: ესპანელი სპეციალისტის ბაიერნში გადმოსვლა კლუბისთვის დიდი შენაძენია, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი პატივისცემა იუპ ჰაინკესისადმი უნდა გამოვამჟღავნოთ, რადგან მთელი ეს სამუშაო მისი დამსახურებაა, რაც ჯერ კიდევ არ დაუსრულებია... მიმდინარე სეზონში ყველაფრის მოგების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

Gentside Sport: ზაფხულში გუნდს მარიო გიოტცეც შემოუერთდება - ბორუსიელების თილისმანი...

ბოატენგი: მარიო ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელია, რომელიც ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და დიდი ტალანტი. კლუბისთვის შესანიშნავი ტრანსფერია.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..