» » ვილანოვა: მესი ტრავმირებული არ იყო

ვილანოვა: მესი ტრავმირებული არ იყო

2-05-2013, 16:43
071
კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საპასუხო შეხვედრაში ლიონელ მესის ტრავმა არ ჰქონდა.

გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ბლაუგრანა საკუთარ მოედანზე კიდევ ერთხელ დამარცხდა რეკორდმაისტერის წინააღმდეგ, ანგარიშით 0:3. ბარსელონას თითოეული გულშემატკივარი ლიონელ მესის გამოსვლას ელოდა მოედანზე, თუმცა არგენტინელი ვარსკვლავი ბოლო წუთებამდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

"ლიონელ მესის ტრავმა არ ჰქონია, უბრალოდ თავს კარგად ვერ გრძნობდა, რის გამოც გადავწყვიტე, რომ არგენტინელი გუნდს ვერ დაეხმარებოდა და სათადარიგოთა სკამზე დავტოვე", - განაცხადა ტიტო ვილანოვამ.

"ბილბაოსთან ითამაშა, რადგან მაშინ უკეთეს სათამაშო კონდიციებში იყო, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ თავს ოპტიმალურ ფორმაში ვეღარ გრძნობდა. შეხვედრის მიწურულს გავრისკავდი და მესის მოედანზე შემოვუშვებდი ფინალში გასვლის შანსები რომ ყოფილიყო".

"რეკორდმაისტერი ფიზიკურად უმაღლეს დონეზეა მომზადებული. განსხვავება ჩვენსა და ბაიერნის ფეხბურთელებს შორის წარმოუდგენლად დიდი იყო. მინდა მივულოცო ბაიერნს დიდი პროგრესი და ასევე მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლომდე გვერდში დაგვიდგნენ".

"მთელი სეზონის განმავლობაში ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები პერმანენტულად გვაწუხებდა და ბაიერნთან შეხვედრაში სასტიკად დავისაჯეთ. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ბევრი ცვლილების განხორციელება არ გვჭირდება, რადგან ბარსელონას რიგებში, ჯერ კიდევ, რჩებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სრულად არ გამოჯანმრთელებულან".

"მიუნხენის ბაიერნი ორივე შეხვედრაში გაცილებით ძლიერი იყო, რაც უნდა ვაღიაროთ. მოწყენილები ვართ იმიტომ, რომ უემბლიზე თამაში ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბაიერნმა გაცილებით კარგი ფეხბურთი აჩვენა და დაიმსახურა ფინალში გასვლა".

"შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე შეტევაში წავედით, რათა თავიდანვე მოგვეპოვებინა უპირატესობა, თუმცა სხვაობა ბარსელონასა და ბაიერნს შორის ძალიან დიდი იყო. შეხვედრის წინ მესის ძალიან სურდა თამაში, თუმცა მან კარგად იცოდა, რომ მოედანზე გასვლას ვერ შეძლებდა. ეს ბოდიში არ არის, რადგან არგენტინელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია".

"ამჟამად მნიშვნელოვანია, ჩემპიონთა ლიგა დავივიწყოთ და ლა ლიგაზე მოვახდინოთ სრული კონცენტრაცია. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სასიხარულო მომენტი მოგველის მომავალში", - დაასრულა ტიტო ვილანოვამ კომენტარი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..