ვენსან კომპანი პეპ გვარდიოლას შემცვლელად განიხილება
ვენსან კომპანის მანჩესტერ სიტი სამომავლოდ პეპ გვარდიოლას შემცვლელად მოიაზრებს. TEAMtalk-ის ინფორმაციით ესპანელი სპეციალისტის გუნდიდან წასვლის შემდეგ ქალაქელები ყოფილი კაპიტნის დაბრუნებას მთავარი მწვრთნელის რანგში გეგმავენ.
გაცნობებთ, რომ ესპანელ სპეციალისტს მოქმედი კონტრაქტი მანჩესტერ სიტისთან 2027 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. TEAMtalk-ის ინფორმაციით ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ დიდი ალბათობით პეპ გვარდიოლა ინგლისურ კარიერას მანჩესტერში დაასრულებს.
ვენსან კომპანიმ კი სულ ახლახანს რეკორდმაისტერთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2029 წლამდეა გათვლილი. მიუხედავად ამისა ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა პეპ გვარდიოლასთან განშორების შემთხვევაში მაინც ეცდება ბელგიელის დაბრუნებას.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს, ხოლო ვენსან კომპანიმ რეკორდმაისტერი გასული სეზონის დაწყებამდე ჩაიბარა.