კიმ მინ-ჯაე შესაძლოა ნიუკასლის ფეხბურთელი გახდეს
კიმ მინ-ჯაეს მიმართ ინტერესს ინგლისის პრემიერ ლიგიდან იჩენენ. შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერის ცენტრალური მცველის ტრანსფერთან დაკავშირებით ბოლო კვირებში ბევრი დაიწერა და უკვე კონკრეტული კლუბიც სახელდება, რომელიც მზადაა სამხრეთ კორეელი შეიძინოს.
Football Insider-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის 28 წლის ცენტრალური მცველით ნიუკასლი ინტერესდება. კაჭკაჭების მესვეურებმა უკვე დაიწყეს ტრანსფერის მოსამზადებელი სამუშაოები.
დიდი ალბათობით კიმ მინ-ჯაეს ტრანსფერი ინგლისურ კლუბში შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შედგეს.
ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით 28 წლის ცენტრალური მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს. კიმ მინ-ჯაეს მოქმედი ხელშეკრულება რეკორდმაისტერთან 2028 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
transfermarkt-ის ინფორმაციით ნიუკასლის გარდა სამხრეთ კორეელით ლონდონის ჩელსი და ტურინის იუვენტუსიც ინტერესდებიან.