დიტმარ ჰამანი: ბაიერნის დაცვის ხაზი ძალიან სუსტია

დიტმარ ჰამანი მიუნხენის ბაიერნის დაცვის ხაზს აკრიტიკებს. ყოფილი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ რეკორდმაისტერის სუსტი წერტილი დაცვაა, თუმცა ამასთან ერთად მოედნის ცენტრში სათანადოდ ვერ ასპარეზობენ იოზუა კიმიხი და ლეონ გორეცკა.

"რეკორდმაისტერის დაცვის ხაზი ძალიან სუსტია. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში დაცვის ხაზში ბაიერნი ფეხბურთელებს ცვლიდა, თუმცა ვინ თამაშობს დაცვის ხაზის წინ? კიმიხი და გორეცკა. ცენტრში ამ ორი ფეხბურთელით ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ.

ოთხი კვირის წინ ბაიერნი ინტერს ეთამაშა. იტალიელებს ცენტრს ჩალჰანოღლუ და მხითარიანი უმაგრებდნენ. ერთი 32 წლისაა, ხოლო მეორე 36-ის. კიმიხმა და გორეცკამ ამ ორ ფეხბურთელთან გამკლავება ვერ შეძლეს. ისინი მსოფლიო დონეს ვერ შეესაბამებიან", - განაცხადა რეკორდმაისტერის ყოფილმა ფეხბურთელმა Doppelpass-ის გადაცემაში, რომელიც Sport1-ზე გადის.

შეგახსენებთ, რომ წელს მიუნხენის ბაიერნი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. მიუნხენის ბაიერნი პირველ შეხვედრაში საკუთარ კედლებში 1:2 დამარცხდა, ხოლო საპასუხო მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.