იოზუა კიმიხი: თომას მიულერის წასვლას მალე შევიგრძნობთ
იოზუა კიმიხმა მიუნხენის ბაიერნიდან კლუბის ერთ-ერთი ლეგენდის წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა. გერმანელი მიიჩნევს, რომ თომას მიულერის გუნდიდან წასვლის შედეგებს რეკორდმაისტერი მალე შეიგრძნობს.
"ბევრი იძახის, რომ ფეხბურთში შეუცვლელი არავინაა, თუმცა გუნდიდან თომას მიულერის წასვლით რაღაც სამუდამოდ დაიკარგება. არა მხოლოდ ფეხბურთის თვალსაზრისით, არამედ გასახდელშიც, მგზავრობის დროს, სასტუმროებსა თუ მაგიდასთან სადილის დროს.
თომას მიულერის გუნდიდან წასვლას ყველანი შევიგრძნობთ მალე", - იოზუა კიმიხის სიტყვებს ციტირებს BR24.
შეგახსენებთ, რომ თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნის აკადემიის აღზრდილია. გერმანელს რეკორდმაისტერის გარდა არსად არ უთამაშია და მთელი ცხოვრება ბავარიაში გაატარა.
35-წლის მისტერ ბაიერნის გუნდიდან წასვლის საკითხი კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოქმედი ხელშეკრულების არ გახანგრძლივების საკითხი გადაწყდა. ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავდა, რომ თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნში უკანასკნელ სეზონს ატარებდა.
სად გადავა თომას მიულერი და რომელ კლუბში გააგრძელებს ასპარეზობას ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ უცნობია.