ბენჟამინ პავარი: დიდი მოთმინებით ვითამაშეთ
ბენჟამინ პავარი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ორ-მატჩიან დაპირისპირებას აფასებს. ფრანგი მცველის თქმით ინტერი დიდი მოთმინებით თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა მილანში ფრედ 2:2 დასრულდა. სან-სიროზე თავისი გოლის გატანა მოახერხა ექს-ბავარიელმაც. მატჩის 61-ე წუთზე შესანიშნავი თავურით მოახერხა ბენჟამინ პავარმა იონას ურბიგის კარის აღება.
"გოლმა ძალიან გამახარა, მაგრამ ყველაზე მეტად გუნდის წარმატება მიხარია, რომელმაც დაცვაში სერიოზულ გამოცდას გაუძლო და დიდ მიზნებს მიაღწია. ადვილი შეხვედრა არ ყოფილა და ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. დიდი სამუშაო გავწიეთ.
დიდი მოთმინებით ვითამაშეთ. გვესმოდა, რომ დაცვაში კარგად თამაში წარმატების გასაღები შეიძლებოდა გამხდარიყო. გვსურს წინსვლა გავაგრძელოთ. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, შესანიშნავი მწვრთნელით, რომელიც აგერ უკვე ორი წელია წარმატებულად მუშაობს ჩვენთან ერთად", - ამბობს ბენჟამინ პავარი.