დიტმარ ჰამანი: ბაიერნი უზარმაზარ თანხებს იხდის

დიტმარ ჰამანი მიიჩნევს, რომ მიუნხენის ბაიერნი ლეროი სანეს მოთხოვნებს არ უნდა დათანხმდეს. შეგახსენებთ, რომ გერმანელ ვინგერთან თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა ბოლო მომენტში სანემ ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაიფიქრა და აგენტი შეიცვალა.

საუბარი იყო ლეროი სანესთან 2028 წლის ივნისის ბოლომდე ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე. გერმანელი შემტევი ტანახმა იყო წლიური 14-15 მილიონი ევრო მიეღო ბონუსის ჩათვლით, რაც მიმდინარე კონტრაქტით გათვალისწინებულ ჯამაგირზე 4-6 მილიონით ნაკლებია.

საბოლოო ჯამში სანე უკმაყოფილო დარჩა. ფეხბურთელი რეკორდმაისტერისგან კიდევ უფრო მეტს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით უსასყიდლოდ დატოვებს.

"დიდი ხნის განმავლობაში ჩანდა თითქოს ლეროი ბაიერნთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებდა. შემდეგ მან აგენტი შეიცვალა და კიდევ უფრო მეტი მოითხოვა კლუბისგან. ფეხბურთელს აგენტის შეცვლა შეუძლია, თუმცა თუ მანამდე რაღაც შეთანხმება უკვე მიღწეული იყო კლუბი თავის პოზიციაზე უნდა დარჩეს.

ახლა ბაიერნი უკანასკნელი თვეების განმავლობაში უზარმაზარი გადახდილი თანხების შედეგებს იმკის. აგენტების უტოპიური მოთხოვნები დაკმაყოფილდა. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ბოლო სიტყვას კლუბი არ ამბობდა.

ბაიერნმა კონტროლი უნდა დაიბრუნოს! ამიტომ ახლა ზუსტად ის დროა ლეროი სანესთვის გაკეთებული შეთავაზება უკან წაიღონ", - ამბობს დიტმარ ჰამანი.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.