ჟერომ ბოატენგმა ბაიერნში სტაჟირებაზე უარი თქვა
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, რეკორდმაისტერში სტაჟირების გავლაზე უარი თქვა. გერმანელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ სურს მისი პერსონის გამო კლუბს რაიმე სახის ზიანი მიადგეს.
37-წლის ყოფილმა ბავარიელმა აღნიშნული ინფორმაცია მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრების დიდი უკმაყოფილებისა და პროტესტის შემდეგ დაწერა სოციალურ ქსელებში.
შეგახსენებთ, რომ ჟერომ ბოატენგს ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან. მისი ყოფილი მეგობარი გოგონას სხეული 2021 წელს იპოვეს გარდაცვლილი. 37-წლის ცენტრალურ მცველს ასევე ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც ედავებოდნენ ქალბატონის მიმართ, რომელთანაც ჟერომს ორი გოგონა ჰყავს.
ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ჟერომ ბოატენგი სასამართლომ გაამტყუნა და პირობითი ჯარიმა 200 000 ევრო გადაახდევინა.
"ძვირფასო ბაიერნო და ვენსან, ჩემს პერსონასთან დაკავშირებით ბოლო დროს შემდგარი განხილვების შემდეგ გადავწყვიტე ჩემს მიმართულებებზე ვკონცენტრირდე. ვაპირებ A კატეგორიის ლიცენზია მივიღო პროექტებში RYZR და Arena2.
მადლიერი ვარ კლუბის ხელმძღვანელობისა და ვენსან კომპანის, რომლებმაც ამხელა ნდობა გამომიცხადეს. მთელი გულით გისურვებთ სეზონის ბოლოს სასურველ მიზნებს მიაღწიოთ. დამატებით მინდა გულშემატკივრებსაც ვუთხრა მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენი ბოა", - წერს ჟერომ ბოატენგი.