ბაიერნმა მილანის 33 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა
ბუნდესლიგის მე-8 ტურში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად გლადბახს ესტურმა. ვენსან კომპანის შეგირდები ბორუსია პარკზეც დამაჯერებლები იყვნენ და მასპინძლების დამარცხება სოლიდური ანგარიშით 0:3 მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ბაიერნისთვის მიმდინარე სეზონში ეს ზედიზედ მოპოვებული 13 გამარჯვება იყო. სეზონის სტარტიდან ოფიციალურად გამართული 13 შეხვედრიდან რეკორდმაისტერმა ყველა მატჩი მოიგო და რაც ყველაზე გასაოცარია თითქმის ყველა მეტოქეს 2-ზე მეტი გოლი გაუტანა.
ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატიდან მსგავსი რეკორდი მილანს ეკუთვნის. როსონერიმ 1992-93 წლების სეზონში პირველ 13 ოფიციალურ შეხვედრაში გაიმარჯვა და 13 მატჩიანი რეკორდი დაამყარა.
ამრიგად, გლადბახის სტუმრად დამარცხებით ვენსან კომპანის გუნდმა მილანის რეკორდი გაიმეორა. რეკორდმაისტერი შემდეგ შეხვედრას 29 ოქტომბერს სტუმრად კიოლნის წინააღმდეგ გამართავს.
გერმანიის თასის შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მიუნხენელებს მიღწეული შედეგის გაუმჯობესებისა და ახალი რეკორდის დამყარების საშუალება ექნებათ.