ბაიერნი ფისნიკ ასლანის ჰარი კეინის შემცვლელად მოიაზრებს
ფისნიკ ასლანი მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო რადარზე მოხვდა. SKY-ს ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით რეკორდმაისტერი კოსოვოელ ფორვარდ ჰარი კეინის შემცვლელად მოიაზრებს.
წყაროს ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნის სპორტული დირექტორი: მაქს ებერლი და კრისტოფ ფროიდი მოხიბლულნი არიან ფეხბურთელის განვითარებით. ცნობილი ხდება, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დაწყებამდე მათ უკვე გაარკვიეს ასლანის გამოსასყიდი თანხის ოდენობა.
მოსალოდნელია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 23-წლის ფეხბურთელი ჰოფენჰაიმს დატოვებს. ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით რეკორდმაისტერის გარდა ფისნიკ ასლანის მიმართ ინტერესს კატალონიის ბარსელონაც იჩენს.
ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით 23-წლის ფორვარდის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს. ფისნიკ ასლანის მოქმედი კონტრაქტი ჰოფენჰაიმთან 2029 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.