ვენსან კომპანი: ნოემბერში ტიტულებს არ იგებენ
ვენსან კომპანი მიუნხენის ბაიერნისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. ბელგიელი სპეციალისტი კმაყოფილია გასვლაზე მოპოვებული სამი ქულით, თუმცა აღნიშნავს, რომ ნოემბერში ტიტულებს არ იგებენ.
"ჩვენ სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ნოემბერში არავინ იგებს ტიტულებს. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ შეხვედრაზე ვიფიქროთ. ბოლო პერიოდში განსხვავებულ სიტუაციებში მოვხვდით, თუმცა თავი ყველაფერს გავართვით.
შაბათს გაფართოებული როტაცია გვქონდა და ბიჭებმა დავალებას თავი გაართვეს. პარიზშიც 45 წუთი ათი კაცით მოგვიწია თამაში და თავი გავართვით. ეს თვითრწმენას გვმატებს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ჰაკიმი მოედანს მალე დაუბრუნდება და არაფერი სერიოზული არ გამოდგება. არასდროს არ გაქვს სურვილი მსგავსი რამ იხილო. მსგავსი რამ დაემართა ამერიკაში ჯამალ მუსიალასაც, ჰაკიმის დროული გამოჯანმრთელების იმედი გვაქვს", - ამბობს ვენსან კომპანი.